მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ბლოგპოსტები 29 ოქტომბერი 2026

ძირითადი მიგნებები

 

-  მსოფლიო ბანკის 2026 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ 2025 წელს საქართველოს ექვსივე მმართველობითი მაჩვენებელი 2014 წლის დონეზე დაბალია. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ რეფორმების ტემპის შენელება — ქვეყანა წინა წლებში მიღწეულ ინსტიტუციურ პოზიციებს კარგავს.

 

- ყველაზე მასშტაბური უკუსვლა კორუფციის კონტროლში ფიქსირდება: 2014–2025 წლებში მაჩვენებელი 18.7 პუნქტით შემცირდა და 45.2 ქულამდე დაეცა. მხოლოდ 2024–2025 წლებში ვარდნამ 11.0 პუნქტი შეადგინა.

 

- ანგარიშვალდებულება 2014 წლის 62.7 ქულიდან 2025 წელს 51.1 ქულამდე შემცირდა. გაუარესება განსაკუთრებით დაჩქარდა 2024 წლიდან: 2023 წლის 56.5 ქულა 2024 წელს 52.6-მდე, ხოლო 2025 წელს 51.1-მდე დაეცა. ეს პირდაპირ ემთხვევა სამოქალაქო სივრცის, მედიის თავისუფლების, პოლიტიკური მონაწილეობისა და შეკრების თავისუფლების მკვეთრი შეზღუდვის პერიოდს.

 

- 2024 წელი რამდენიმე მიმართულებით გარდამტეხია: პოლიტიკური სტაბილურობა 63.5-დან 55.2-მდე ჩამოვიდა; მთავრობის ეფექტიანობა 61.6-დან 58.7-მდე; რეგულირების ხარისხი 70.1-დან 67.4-მდე; კორუფციის კონტროლი 61.6-დან 56.2-მდე. 2025 წელს ზოგი მაჩვენებელი მცირედით აღდგა, მაგრამ დემოკრატიული კონტროლის ძირითადი ინდიკატორების ვარდნა გაგრძელდა.

-  რეგულირების ხარისხისა და მთავრობის ეფექტიანობის შედარებით მაღალი ქულები დემოკრატიული მმართველობის გაუარესებულ მდგომარეობას ვერ აბალანსებს. პირიქით, მონაცემები აჩვენებს მზარდ დისბალანსს: სახელმწიფოს ადმინისტრაციული შესაძლებლობები ნაწილობრივ შენარჩუნებულია, მაშინ როდესაც ძალაუფლების შემაკავებელი, ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის კონტროლის მექანიზმები სუსტდება.

-  თუ IDFI-ის 2021 წლის ანალიზი 2014 წლის შემდეგ სახელმწიფოებრივი განვითარების ზრდის ტემპის მნიშვნელოვნად შენელებაზე მიუთითებდა, 2026 წლის მონაცემებით ეს სტაგნაცია უკვე სისტემურ უკუსვლაშია გადასული. ხოლო 2024–2025 წლების დინამიკა ადასტურებს, რომ დემოკრატიული გარემოს გაუარესება არა ერთჯერადი რყევა, არამედ შეუქცევადიტენდენციაა.

 

 

შესავალი 

 

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები არის მსოფლიო ბანკის კვლევითი მონაცემთა ბაზა, რომელიც მოქალაქეების, კერძო სექტორისდა ექსპერტების შეფასებებს აერთიანებს და სახელმწიფო მმართველობის ხარისხს ექვსი მიმართულებით აფასებს. 2026 წლის მონაცემთა ბაზა 200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიას მოიცავს და მონაცემებს 1996–2025 წლებისთვის აქვეყნებს.

 

IDFI მრავალი წელია სისტემატურად აკვირდება მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებში საქართველოს პოზიციას და აანალიზებს მმართველობის ხარისხის გრძელვადიან ტენდენციებს. ორგანიზაციის წინა კვლევები თანმიმდევრულად მიუთითებდა, რომ 2014 წლამდე მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის შემდეგ საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების დინამიკა შესუსტდა, ხოლო რამდენიმე საკვანძო მიმართულებით ქვეყანამ ვეღარ შეძლო მანამდე მიღწეული მაღალი მაჩვენებლების შენარჩუნება. ეს ტენდენცია განსაკუთრებით მკაფიოდ იყო გამოკვეთილი IDFI-ის 2021 წლის ანალიზში, რომელმაც უკვე მაშინ დააფიქსირა პროგრესის შენელება და მმართველობითი ინდიკატორების გაუარესება.

 

თუმცა, 2026 წლის მონაცემები დემოკრატიულ უკუსვლას კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს. დღეს პრობლემა აღარ არის მხოლოდ პროგრესის შენელება. ექვსივე მიმართულების გრძელვადიანი ტრაექტორია აჩვენებს, რომ საქართველო 2014 წლის შემდეგ მიღწეულ პოზიციებს თანდათან კარგავს, ხოლო 2024 წლიდან რიგ საკვანძო სფეროებში გაუარესება მკვეთრად დაჩქარდა. განსაკუთრებით მძიმეა ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის კონტროლის დინამიკა — სწორედ იმ მიმართულებების, რომლებიც ძალაუფლების საზოგადოებრივ კონტროლს, მედიისა და სამოქალაქო თავისუფლებებს, მაღალი დონის კორუფციის შეკავებასა და ინსტიტუციურ ანგარიშვალდებულებას უკავშირდება.

 

ეს მონაცემები იზოლირებული სტატისტიკური სურათი არ არის. ევროკომისიის 2025 წლის საქართველოს ანგარიშში აღწერილია დემოკრატიული უკუსვლა, კანონის უზენაესობის ეროზია, სამოქალაქო სივრცის შევიწროება და ფუნდამენტური უფლებების პრობლემები. „ფრიდომ ჰაუსის“ 2026 წლის შეფასებაშიც საქართველოს საერთო თავისუფლების ქულა 51/100-მდეა შემცირებული. მსოფლიო ბანკის გრძელვადიანი მაჩვენებლები ამ შეფასებებს რაოდენობრივ განზომილებას მატებს და აჩვენებს, რომ პრობლემები განსაკუთრებით 2024 წლიდან გამწვავდა.

 

რას აფასებს მსოფლიო მმართველობის ექვსი ინდიკატორი

 

ანგარიშვალდებულება — მოქალაქეთა მონაწილეობას მმართველობის პროცესში, სიტყვისა და მედიის თავისუფლებას, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას და ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებლობას.

პოლიტიკური სტაბილურობა — მმართველობის ძალადობრივი გზით შეცვლის, პოლიტიკური ძალადობისა და ტერორიზმის რისკების შესახებ აღქმებს.

მთავრობის ეფექტიანობა — სახელმწიფო სერვისების ხარისხს, საჯარო სამსახურის პროფესიონალიზმსა და დამოუკიდებლობას, პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხარისხს.

რეგულირების ხარისხი — სახელმწიფოს უნარს შეიმუშაოს და გაატაროს ისეთი პოლიტიკა და რეგულაციები, რომლებიც კერძო სექტორის ფუნქციონირებასა და განვითარებას უწყობს ხელს.

კანონის უზენაესობა — სამართლებრივი წესების დაცვას, სასამართლოსა და სამართალდამცავი სისტემის ფუნქციონირებას, საკუთრების უფლებების დაცვას და კანონის აღსრულების ხარისხს.

კორუფციის კონტროლი — როგორც მცირე, ისე მაღალი დონის კორუფციას და საჯარო ძალაუფლების კერძო ინტერესებისთვის გამოყენების, მათ შორის სახელმწიფოს მიტაცების, რისკებს.

 

საქართველოს მაჩვენებლები: 1996–2025

 

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების თითქმის სამი ათწლეულის დინამიკა საქართველოს მმართველობის ხარისხის განვითარების ორ მკვეთრად განსხვავებულ ეტაპს აჩვენებს. 2000-იანი წლებიდან ქვეყანამ არაერთი მიმართულებით სწრაფი პროგრესი განიცადა და 2010-იანი წლების პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი შედეგები დააგროვა. თუმცა 2014 წლის შემდეგ გაუმჯობესების ტემპი შეჩერდა, ხოლო შემდგომ წლებში რიგ ინდიკატორებში მიღწეული პროგრესის თანდათანობითი ეროზია დაიწყო.

ეს გრძელვადიანი უკუსვლა განსაკუთრებით მკაფიო გახდა ბოლო წლებში. 2024–2025 წლებში გაუარესება უკვე თვალსაჩინოდ აისახა მმართველობის რამდენიმე საკვანძო მიმართულებაზე, პირველ რიგში — ანგარიშვალდებულებასა და კორუფციის კონტროლზე. შესაბამისად, უახლესი მონაცემები აჩვენებს არა მხოლოდ წინა პროგრესის შეჩერებას, არამედ იმ ინსტიტუციური შედეგების დაკარგვის პროცესს, რომლებიც საქართველომ წინა ათწლეულებში მოიპოვა.

 

1. ანგარიშვალდებულება — დემოკრატიული გარემოს ყველაზე მკაფიო და თანმიმდევრული უკუსვლა

 

ანგარიშვალდებულების მიმართულებით ფასდება მოქალაქეთა ჩართულობა მმართველობის პროცესში, სიტყვისა და მედიის თავისუფლება, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება და ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებლობა. შესაბამისად, ეს ინდიკატორი ყველაზე მეტადასახავს დემოკრატიული გარემოს ხარისხს.

 

საქართველოს მაჩვენებელი 2014 წლის 62.7 ქულიდან 2021 წელს 59.2-მდე, 2023 წელს 56.5-მდე, 2024 წელს 52.6-მდე ხოლო 2025 წელს 51.1-მდე შემცირდა. სესაბამისად 2014–2025 წლებში დანაკარგი 11.5 პუნქტია. განსაკუთრებით მძიმეა უახლესიეტაპი: 2023–2025 წლებში ქვეყანამ კიდევ 5.4 პუნქტი დაკარგა.

 

2024 წლიდან დაჩქარებული ვარდნა ემთხვევა პერიოდს, როდესაც საქართველოში მკვეთრად შეიზღუდა სამოქალაქო და პოლიტიკური სივრცე: გაძლიერდა ზეწოლა დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, გამკაცრდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული გარემო, ხოლო პოლიტიკური კონკურენციის პირობები გაუარესდა.

 

2021 წლის კვლევაში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი უკვე მიუთითებდა მოქალაქეთა ჩართულობის, სიტყვის, მედიისა და შეკრების თავისუფლების გაუარესებაზე. დღეს მონაცემები აჩვენებს, რომ ეს პრობლემა არა მხოლოდ გაგრძელდა, არამედ 2024 წლიდან მკვეთრად გაღრმავდა. ანგარიშვალდებულების ქულის 51.1-მდე ვარდნა ადასტურებს, რომ ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლის სივრცე ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ წერტილად იქცა.

 

2. პოლიტიკური სტაბილურობა — 2024 წლის მკვეთრი ვარდნა და გრძელვადიანი დანაკარგი

 

პოლიტიკური სტაბილურობა აფასებს მმართველობის ძალადობრივი გზით შეცვლის, პოლიტიკური ძალადობისა და ტერორიზმის რისკების შესახებ აღქმებს. საქართველოს შემთხვევაში მაჩვენებელზე გავლენას ახდენს როგორც შიდა პოლიტიკური დაძაბულობა, ისე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და რეგიონული უსაფრთხოების გარემო.

 

2014 წელს საქართველოს ქულა 65.4 იყო; 2023 წელს — 63.5. 2024 წელს მაჩვენებელი ერთბაშად 55.2-მდე დაეცა, ანუ ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 8.3 პუნქტი დაკარგა. 2025 წელს ქულა 56.9-მდე მცირედით გაიზარდა, თუმცა 2014 წლის დონეს კვლავ 8.5 პუნქტით ჩამორჩება.

 

2025 წლის მცირე აღდგენა არ ცვლის მთავარი ტენდენციის შეფასებას. 2024 წლის მკვეთრი ვარდნა დაემთხვა მწვავე პოლიტიკურ დაპირისპირებას, მასობრივ საპროტესტო აქციებს, ძალადობისა და რეპრესიული რეაგირების შემთხვევებს და პოლიტიკური გარემოს გამწვავებულ პოლარიზაციას.

 

ამ ინდიკატორის 2024 წლის მკვეთრი გაუარესება საერთო სურათს აძლიერებს: სახელმწიფო მმართველობის გარემო გახდა უფრო კონფლიქტური, არასტაბილური და ძალადობის რისკების მიმართ მოწყვლადი.

 

 

3. მთავრობის ეფექტიანობა — ადმინისტრაციული შესაძლებლობების შენარჩუნება დემოკრატიული კონტროლის შესუსტების ფონზე

 

მთავრობის ეფექტიანობის მიმართულებით ფასდება სახელმწიფო სერვისების ხარისხი, საჯარო სამსახურის პროფესიონალიზმი და პოლიტიკური დამოუკიდებლობა, პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხარისხი და ხელისუფლების გადაწყვეტილებების შესრულების უნარი.

 

2014 წელს საქართველოს ქულა 62.8 იყო, 2023 წელს — 61.6, 2024 წელს — 58.7 და 2025 წელს — 59.5. გრძელვადიანი კლება შედარებით მცირეა — 3.2 პუნქტი, ხოლო 2025 წელს 2024 წელთან შედარებით 0.8-პუნქტიანი ნაწილობრივი აღდგენა ფიქსირდება.

 

ეს შედარებითი მდგრადობა არ არის დემოკრატიული მმართველობის წარმატების მაჩვენებელი. პირიქით, სხვა ინდიკატორებთან ერთად იგი აჩვენებს პრობლემურ დისბალანსს: სახელმწიფო ინარჩუნებს ადმინისტრაციულ და აღმასრულებელ შესაძლებლობებს მაშინ, როდესაც ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობისა და კორუფციის კონტროლის მექანიზმები სუსტდება.

 

საზოგადოებრივი ზედამხედველობის თვალსაზრისით ეს განსხვავება განსაკუთრებით საყურადღებოა. ძლიერი აღმასრულებელი შესაძლებლობები დამოუკიდებელი სასამართლოს, თავისუფალი მედიის, სამოქალაქო კონტროლისა და ეფექტიანი ანტიკორუფციული ზედამხედველობის გარეშე ზრდის ძალაუფლების კონცენტრაციის რისკს. ხოლო ეფექტიანი ადმინისტრირება დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებას ვერ ანაცვლებს.

 

4. რეგულირების ხარისხი — შედარებით მაღალი შედეგი, რომელიც 2021 წლის შემდეგ კლებაშია

 

რეგულირების ხარისხი აფასებს სახელმწიფოს უნარს შეიმუშაოს და განახორციელოს ისეთი პოლიტიკა და რეგულაციები, რომლებიც ხელს უწყობსკერძო სექტორის ფუნქციონირებასა და განვითარებას.

ეს საქართველოს ექვს ინდიკატორს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია: 2021 წელს მაჩვენებელი 70.8 იყო, 2023 წელს — 70.1, 2024 წელს — 67.4, ხოლო 2025 წელს — 66.2.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის 2021 წლის კვლევაში რეგულირების ხარისხი სწორედ ის მიმართულება იყო, სადაც საქართველო წინა პერიოდთან შედარებით შედარებით ძლიერ პოზიციას ინარჩუნებდა. ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ეს გამონაკლისიც აღარ არის აღმავალ ტრაექტორიაზე: 2021–2025 წლებში ქულა 4.6 პუნქტით შემცირდა.

 

 

5. კანონის უზენაესობა — ხანგრძლივი ეროზია და სასამართლოს დამოუკიდებლობის კრიზისი

 

კანონის უზენაესობის მიმართულებით ფასდება სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობა, სასამართლოსა და სამართალდამცავი სისტემის ფუნქციონირება, საკუთრების უფლებების დაცვა და კანონის აღსრულების ხარისხი.

 

საქართველოს ქულა 2014 წლის 64.6-დან 2021 წელს 62.2-მდე, 2023 წელს 60.9-მდე, 2024 წელს 60.8-მდე და 2025 წელს 60.2-მდე შემცირდა. 2014–2025 წლებში ჯამური კლება 4.4 პუნქტია. ერთი წლის ცვლილებები შესაძლოა მცირე ჩანდეს, მაგრამ ათწლეულის განმავლობაში მიმართულება თანმიმდევრულად უარყოფითია.

 

ეს შედარებით ზომიერი კლება არ ნიშნავს, რომ სასამართლოსა და სამართლებრივი ინსტიტუტების პრობლემა ზომიერია. ინდიკატორი ბევრ სხვადასხვა კომპონენტს აერთიანებს და სასამართლოს დამოუკიდებლობის მკვეთრი გაუარესება საერთო შეფასებაში შესაძლოა საკუთრების დაცვის, ხელშეკრულებებისაღსრულების ან სხვა ადმინისტრაციული კომპონენტებით ნაწილობრივ დაკომპენსირდეს.

 

6. კორუფციის კონტროლი — 2025 წელს ყველაზე მძიმე ინსტიტუციური ვარდნა

 

კორუფციის კონტროლის მიმართულებით ფასდება როგორც მცირე, ისე მაღალი დონის კორუფცია, საჯარო ძალაუფლების კერძო ინტერესებისთვის გამოყენება და სახელმწიფოს ელიტური თუ კერძო ინტერესების მიერ მიტაცების რისკები.

 

ეს არის საქართველოს უახლესი მონაცემების ყველაზე მძიმე მაჩვენებელი. 2014 წელს ქულა 63.9 იყო, 2021 წელს — 62.6, 2023 წელს — 61.6, 2024 წელს — 56.2, ხოლო 2025 წელს — მხოლოდ 45.2. შესაბამისად 2014–2025 წლებში კლება 18.7 პუნქტია; აქედან მხოლოდ 2024–2025 წლებში — 11.0 პუნქტი.

 

თუ IDFI-ის 2021 წლის კვლევაში პრობლემად იდენტიფიცირებული იყოანტიკორუფციული რეფორმების შეჩერება და მიღწეული შედეგების დაკარგვის რისკი, 2025 წლის მონაცემები უკვე სხვა ხარისხის პრობლემაზე მიუთითებს: კორუფციის კონტროლი ექვსივე ინდიკატორს შორის ყველაზე დაბალ დონეზე ჩამოვიდა და მკვეთრი დაღმასვლა სწორედ დემოკრატიული უკუსვლის ბოლო ფაზაში დაჩქარდა.

 

ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია, რადგან მსოფლიო ბანკის შეფასება მხოლოდ წვრილმან მექრთამეობასარ ეხება. მაღალი დონის კორუფცია, პოლიტიკური გავლენა, ინტერესთა კონფლიქტი და სახელმწიფოს მიტაცების რისკები ინდიკატორის უშუალო ნაწილია. ამიტომ 45.2-ქულიანი შედეგი წარმოადგენს არა ტექნიკურ რყევას, არამედ სერიოზულ მინიშნებასძალაუფლების კონცენტრაციისა და დამოუკიდებელი ზედამხედველობის შესუსტების შესახებ.

 

2024–2025 წლების მკვეთრი ვარდნა ემთხვევა პერიოდს, როდესაც საერთაშორისო დამკვირვებლები სულ უფრო მკაცრად აფასებენ ხელისუფლების კონტროლის მექანიზმების, ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და მაღალი დონის კორუფციის პრობლემებს.

 

უკუსვლის დაჩქარება 2024 წლიდან — კრიტიკული გარდატეხა

 

2024 წელი საქართველოს მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების დინამიკაში ცალკე ყურადღებას იმსახურებს. ამ წელს ანგარიშვალდებულება დაახლოებით 3.9 პუნქტით, პოლიტიკური სტაბილურობა 8.3 პუნქტით, მთავრობის ეფექტიანობა 2.9 პუნქტით, რეგულირების ხარისხი 2.7 პუნქტით და კორუფციის კონტროლი 5.4 პუნქტით შემცირდა 2023 წელთან შედარებით. 2025 წელს ანგარიშვალდებულების, რეგულირების ხარისხის, კანონის უზენაესობისა და განსაკუთრებით კორუფციის კონტროლის ვარდნა გაგრძელდა.

 

ეს დროითი ჩარჩომნიშვნელოვანია. 2014 წლის შემდეგ არსებული ეროზია 2024–2025 წლებში უკვე ბევრად უფრო მკვეთრ ფაზაში გადავიდა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ შეზღუდვითი კანონმდებლობის გაძლიერება, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი პრაქტიკის გაფართოება, ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ ძალადობისა და ადმინისტრაციულ-სისხლისსამართლებრივი ზეწოლის შემთხვევები, პოლიტიკური კონკურენციის შემცირება და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ფაქტობრივი შეჩერება.

 

მსოფლიო ბანკის მაჩვენებლები ამ პროცესის ყველა კონკრეტულ მიზეზს ცალკე არ ზომავს, მაგრამ საერთო ტრაექტორია ცალსახაა: იმავე პერიოდში, როდესაც დემოკრატიული ინსტიტუტებისა და თავისუფლებების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, საქართველოს ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის კონტროლის ქულებიც ყველაზე მძიმე ვარდნას აჩვენებს. ეს თანხვედრა საკმარისად ძლიერი არგუმენტიაიმის სათქმელად, რომ მმართველობის კრიზისი სისტემური გახდა.

 

დასკვნა

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის 2021 წლის კვლევა 2014 წლის შემდეგ სახელმწიფოებრივი განვითარების ზრდის ტემპის მნიშვნელოვან შენელებაზე მიუთითებდა. ხუთი წლის შემდეგ მსოფლიო ბანკის განახლებული მონაცემები აჩვენებს, რომ პრობლემა ამ ეტაპს გასცდა. 2025 წელს ექვსივე მმართველობითი ინდიკატორი 2014 წლის დონეზე დაბალია, ხოლო კორუფციის კონტროლისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით უკუსვლამასშტაბურია.

 

ყველაზე საგანგაშო სწორედ ის არის, თუ სად კონცენტრირდება უკუსვლა. ყველაზე მძიმე დანაკარგი უკავშირდება არა სახელმწიფოს ფუნქციონირების შესაძლებლობას, არამედ საჯარო ძალაუფლების კონტროლს: ანგარიშვალდებულებას, კორუფციის შეკავებას, კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ გარემოს. სახელმწიფოს შეუძლია შეინარჩუნოს ადმინისტრაციული ფუნქციონირება და რეგულირების გარკვეული ხარისხი, მაგრამ ეს დემოკრატიული მმართველობის არსებობას არ ნიშნავს, როდესაც პარალელურად სუსტდება დამოუკიდებელი სასამართლო, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ძალაუფლების ზედამხედველობის ინსტიტუტები.

 

2024–2025 წლების მონაცემები განსაკუთრებით მკაფიო აჩვენებს ამ დინამიკას. 2024 წელს ერთდროულად მკვეთრად გაუარესდარამდენიმე ინდიკატორი, ხოლო 2025 წელს კორუფციის კონტროლის მაჩვენებელი 45.2 ქულამდე ჩამოიშალა ხოლოანგარიშვალდებულება 51.1 ქულამდე დაეცა. შესაბამისად, თუ 2021 წელს ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო საუბარი რეფორმების იმპულსის დაკარგვასა და სტაგნაციაზე, დღეს უფრო ზუსტი შეფასება იქნება რომ: საქართველოს მმართველობის სისტემა დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებელი კონტროლის მიმართულებით სისტემურ უკუსვლას განიცდის დამიმდინარე ტრაექტორიის შესაცვლელად კოსმეტიკური ინსტიტუციური ცვლილებები საკმარისი აღარ არის.

 

 

 

 

 

ძირითადი წყაროები

 

 მსოფლიო ბანკი — მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები, 2026

 მსოფლიო ბანკი — მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მონაცემთა კატალოგი

 ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი — „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები - საქართველო მსოფლიო ბანკის რეიტინგში 2021“

ევროკომისია — საქართველოს ანგარიში 2025

ფრიდომ ჰაუსი — საქართველო, 2026

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024